English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ ნაზირა კაკულია
მაკროეკონომიკური პრობლემები, სოციალურ-დემოგრაფიული გამოწვევები და ეკონომეტრიკული მოდელირება

სტატიაში კვლევის ფარგლებში შესწავლილია ფისკალური პოლიტიკით გარემოს დაცვაზე გაწეული დანახარჯების როლი “მწვანე ეკონომიკის” ფორმირების პროცესში. ასევე გაანალიზებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გარემოსა მდგრადობის ზოგიერთი საკითხი. შესწავლილია ისეთი ინდექსები, როგორიცაა: გლობალური მწვანე ზრდის ინსტიტუტის (GGGI) მიერ შემუშავებული მწვანე ზრდის ინდექსი, ასევე გლობალური მწვანე ეკონომიკის ინდექსი (GGEI), რომელიც ზომავს ქვეყნის ეკონომიკის „სიმწვანის“ არსებულ მდგომარეობას და მისი ხელშემწყობი ეკონომიკური პოლიტიკის „სიმწვანეზე“ ორიენტაციის ხარისხს, მესამე ინდექსი, რომელიც გამოიყენება გლობალურ დონეზე არსებული სიტუაციის ანალიზისა და შეფასებისთვის EP (Environmental Performance index) ინდექსი. ეს ინდექსი რიცხობრივად აფასებს სახელმწიფოში არსებულ გარემოს მდგომარეობას, რომელიც შესაბამისი პოლიტიკითაა მიღწეული.
მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომელიც განხილული ინდექსების კვლევის ფარგლებში იკვეთება, არის „მწვანე ეკონომიკის” ფორმირების მხრივ, განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის განსხვავება, რის უმთავრეს მიზეზს განვითარებულ ქვეყნებში გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიმართ არსებული მაღალი მოთხოვნები და ამ მოთხოვნების შესაბამისად ფორმირებული ინსტიტუციური მოწყობა წარმოადგენს (OECD, 2013). შესაბამისად, ეკონომიკის განვითარების გარემოსადმი მდგრადობა განვითარებადი ქვეყნებისთვის უფრო მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, ვინაიდან განვითარებად ქვეყნებში ამ მიმართულებით შესაბამისი ინსტიტუციური ბაზა სრულფასოვნად ჩამოყალიბებული არაა. ამ კუთხით, მნიშვნელოვანი სირთულეები შეინიშნება საქართველოში, რაც გამოხატულია GGE და EP ინდექსების მიხედვით საქართველოს პოზიციაში მსოფლიოს ქვეყნებს შორის. ასევე OECD-ს მეთოდოლოგიის მიხედვით, საქართველოში რესურსებისა და გარემოს გამოყენებით ადგილი აქვს გაცილებით ნაკლები დოვლათის შექმნას, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში.
საკვანძო სიტყვები: „მწვანე ეკონომიკა“, მდგრადი განვითარება, მწვანე ეკონომიკის გაზომვის ინდექსები, ეკონომიკური განვითარება.

შესავალი
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ცალკეული ქვეყნების დონეზე პერიოდულად ხდება „მწვანე ეკონომიკის“ ფორმირების პროცესში მიღწეული პროგრესის გაზომვა სამთავრობო დონეზე, რაც ასევე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა საქართველოსთვისაც.
კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნა ფისკალური პოლიტიკის მეშვეობით გარემოს დაცვაზე გაწეული დანახარჯების როლი “მწვანე ეკონომიკის” ფორმირების პროცესში. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული დანახარჯები საშუალოვადიან პერიოდში გარემოს მდგომარეობის ხარისხს და „მწვანე ეკონომიკის“ ფორმირების პროცესს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და აჩქარებს.
ინსტრუმენტი, რაც აფასებს ქვეყნების სტატუსს მწვანე ეკონომიკის მიზნების მიღწევის საქმეში, არის გლობალური მწვანე ზრდის ინსტიტუტის (GGGI) მიერ შემუშავებული მწვანე ზრდის ინდექსი, გლობალური მწვანე ეკონომიკის ინდექსი (GGEI), რაც ასევე გამოიყენება მწვანე ეკონომიკის მდგომარეობის და პოტენციალის შესაფასებლად და გარემოსდაცვითი ეფექტურობის ინდექსი - EP.
უნდა აღინიშნოს, რომ სასურველია ამ ინდექსების გამოყენების პრაქტიკა დაინერგოს საქართველოშიც, რაც ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

მწვანე ზრდის ინდექსი - GGGI

ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც აფასებს ქვეყნების სტატუსს მწვანე ეკონომიკის მიზნების მიღწევის საქმეში, არის გლობალური მწვანე ზრდის ინსტიტუტის (GGGI) მიერ შემუშავებული მწვანე ზრდის ინდექსი. ის განიხილება როგორც პოლიტიკის შეფასების ინსტრუმენტი და დღითიდღე იძენს აქტუალურობას რიგი მიზეზის გამო - მწვანე ზრდის ინდექსი წარმოადგენს მწვანე ზრდის ეკონომიკური განვითარების მოდელის ჩარჩოს, რომელიც მიზნად ისახავს თანაბარ ეკონომიკურ კეთილდღეობასა და გარემოს დაცვას; აერთიანებს მდგრადი განვითარების ზრდის (SDG) ინდიკატორებსა და მიზნებს, რაც ხელს უწყობს ცხოვრების ხარისხის ამაღლებას (მაგ. რესურსების ეფექტიანი და მდგრადი გამოყენება, ბუნებრივი კაპიტალის დაცვა, მწვანე ეკონომიკური შესაძლებლობები და სოციალური ინკლუზია); მწვანე ზრდის ინდექსის მრავალგანზომილებიანობა საშუალებას იძლევა, შეფასდეს ასევე, COVID-19-ის პანდემიის და მისი შემდგომი პერიოდის აღდგენის გეგმებთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური მდგრადობის უზრუნველყოფის პოლიტიკის გადაწყვეტილებები და ქმედებები. რაც მთავარია, ინდექსი მიზნად ისახავს, პოლიტიკის შემქმნელებს მიაწოდოს მონაცემები მწვანე ზრდის ეფექტიანობის შესაფასებლად, რაც მათ სამომავლო გეგმებსა და გადაწყვეტილებებს დაედება საფუძვლად.
გლობალური მწვანე ზრდის ინსტიტუტის მიერ ბოლოს გამოქვეყნებული ანგარიშის (GGGI, 2020) მიხედვით, 2020 წელს, მწვანე ზრდის ინდექსის ქულით შეფასებულია 119 ქვეყანა. აქედან, აფრიკის 25, ამერიკის 20, აზიის 35, ევროპის 36 და ოკეანიის 3. ქვეყნების თითქმის ნახევრის ქულები საშუალო დიაპაზონშია და მერყეობს 40-დან 60 ქულამდე. 41-მა ქვეყანამ და მათ შორის, საქართველომ (60,5 ქულით) მიაღწია მაღალ ქულას (60-დან 80-მდე), მათგან უმეტესობა ევროპაშია. დაბალი ქულით, 20-დან 40-მდე, შეფასებულია 6 ქვეყანა, ძირითადად აფრიკიდან და აზიიდან. არ არსებობს ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ძალიან დაბალი ქულები, 20-ზე ქვემოთ. შვედეთს, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ ევროპაში, აქვს მწვანე ზრდის ყველაზე მაღალი ინდექსი 78.87 ქულით, რაც ჯერ კიდევ შორს არის მდგრადობის მიზნის ძალიან მაღალი, 100 ქულის, მიღწევამდე. აღსანიშნავია, რომ მწვანე ზრდის 2020 წლის ინდექსის მიხედვით, 119 ქვეყანას შორის, საქართველო 39-ე ადგილს იკავებს. რეგიონის გათვალისწინებით, მწვანე ზრდის ინდექსის ქულის მიხედვით, პირველ ადგილზეა შვედეთი - ევროპაში, იაპონია - აზიაში, მექსიკა - ამერიკაში, ახალი ზელანდია - ოკეანიაში და ტანზანია - აფრიკაში. (https://gggi-simtool-demo.herokuapp.com/)
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის გამოყენებით, ზემოაღნიშნულ ქვეყანათა ჯგუფიდან რეგიონული ნიშნით გამოვყოფთ ტრანსფორმაციულ და პოსტ ტრანსფორმაციულ ქვეყანათა ჯგუფებს (ბალტიის ქვეყნები (Baltic), სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები (SEE) , ცენტრალური ევროპის ქვეყნები (CE), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები (EC)) და მათთან შედარებით განვიხილავთ საქართველოს პოზიციას მწვანე ზრდის ინდექსის მიხედვით (იხ. დიაგრამა 1).

მწვანე ზრდის ინდექსი ქვეყანათა ჯგუფების მიხედვით, 2020 წელი

• 60–80 - მაღალი ქულა, ქვეყნის სტრატეგიული პოზიცია სრულად მიაღწიოს მიზანს
• 40–60 - ზომიერი ქულა, ქვეყანა პოულობს ბალანსს წინსვლისთვის და ცდილობს, არ ჩამოშორდეს მიზანს
• 20–40 - დაბალი ქულა, საჭიროა, ქვეყანამ განსაზღვროს სწორი პოლიტიკა განვითარების მიზნის მისაღწევად
• 1–20 - ძალიან დაბალი ქულა, აუცილებელია მნიშვნელოვანი ქმედებების დაგეგმვა/განხორციელება მიზნის შესაბამისად პოზიციის გასაუმჯობესებლად.
დიაგრამიდან ნათლად ჩანს, რომ აღმოსავლეთევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს (60.5 ქულა). ამასთან, უსწრებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ორ ქვეყანასაც (ალბანეთი (58.6 ქულა), მონტენეგრო (44.3 ქულა)). ბალტიის ქვეყნები თანაბრად მაღალი ქულებით არიან შეფასებული. ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან კი მწვანე ზრდის ყველაზე მაღალი ინდექსი აქვს ჩეხეთს (76.8 ქულა).
მიუხედავად იმისა, რომ არცერთ ქვეყანას არ მიუღწევია მწვანე ზრდის ძალიან მაღალი დონისთვის, გლობალური მწვანე ზრდის ინსტიტუტის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, მწვანე ზრდის ინდექსი ზოგადად გაიზარდა მსოფლიოში 2005 წლიდან 2020 წლამდე.
ქვევით მოცემულ დიაგრამაზე (იხ. დიაგრამა 2) ასახულია, როგორ იცვლებოდა საქართველოსა და ტრანსფორმაციულ და პოსტტრანსფორმაციულ ქვეყანათა ჯგუფების მწვანე ეკონომიკის ინდექსის მაჩვენებლები 2010-2020 წლებში.

მწვანე ზრდის ინდექსი საქართველოსა და ტრანსფორმაციულ და პოსტტრანსფორმაციულ ქვეყანათა ჯგუფების მიხედვით, 2010-2020 წწ.

ზრდის მაჩვენებელი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მწვანე ზრდის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლიდან 2017 წლამდე, იგივე მაჩვენებელი საქართველოსთვის ჩამორჩებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, 2017 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, თითქმის თანაბრად მიჰყვება და უმნიშვნელოდ აღემატება კიდეც. რაც შეეხება ცენტრალური ევროპისა და აღმოსავლეთ ევროპის მწვანე ზრდის საშუალო მაჩვენებლებს 2010-2020 წლებში, ცალსახად აღემატება როგორც საქართველოს მწვანე ზრდის ინდექსის, ასევე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნების მწვანე ზრდის ინდექსის საშუალო მაჩვენებლებს.

 

მწვანე ეკონომიკის ინდექსი - GGEI

ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის მდგომარეობის და პოტენციალის შესაფასებლად ასევე გამოიყენება გლობალური მწვანე ეკონომიკის ინდექსი (GGEI), რომელიც ზომავს ქვეყნის ეკონომიკის „სიმწვანის“ არსებულ მდგომარეობას და მის ხელშემწყობ ეკონომიკური პოლიტიკის „სიმწვანეზე“ ორიენტაციის ხარისხს. GGEI ინდექსის გაანგარიშებისას გამოიყენება შემდეგი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები: ლიდერობა და კლიმატის ცვლილება, სექტორთა ეფექტიანობა, ბაზრები და ინვესტიციები, გარემო. ინდექსის გამოთვლა 2010 წლიდან დაიწყო. ინდექსი უკანასკნელად შეფასებული იქნა 2018 წლისთვის. ამ მონაცემების მიხედვით, 130 ქვეყნიდან საქართველო 45-ე ადგილზეა. ინდექსი 0,5183-ს შეადგენს, რაც საშუალო მაჩვენებელია. კონკრეტულად ევროპის ქვეყნებთან მიმართებით, 39 ქვეყანას შორის საქართველო 23-ე ადგილზეა, ხოლო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მისი მაჩვენებელი საუკეთესოა.

გარემოსდაცვითი ეფექტურობის ინდექსი - EP


გლობალურ დონეზე არსებული სიტუაციის ანალიზისა და შეფასებისთვის ფართოდ გამოიყენება გარემოსდაცვითი ეფექტურობის ინდექსი - EP (Environmental Performance index). ეს ინდექსი იწარმოება იელის უნივერსიტეტის მიერ და რიცხობრივად აფასებს სახელმწიფოში არსებულ გარემოს მდგომარეობას, რომელიც შესაბამისი პოლიტიკითაა მიღწეული. ის პირველად 2002 წელს გამოქვეყნდა საპილოტედ და 2005 წლიდან ჩაანაცვლა გარემოს მდგრადობის ინდექსი. აღნიშნული ინდექსით ბოლოს 2020 წლისთვის იქნა შეფასებული 180 ქვეყანა. აქედან, გარემოს მდგომარეობის თვალსაზრისით, მოწინავეა ცენტრალური და დასავლეთი ევროპა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, აშშ და კანადა, ხოლო, საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 102-ე ადგილს იკავებს.
მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომელიც ზემოთ განხილული ინდექსების კვლევის ფარგლებში იკვეთება, არის „მწვანე ეკონომიკის” ფორმირების მხრივ განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის განსხვავება, რომლის უმთავრეს მიზეზს განვითარებულ ქვეყნებში, გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიმართ არსებული მაღალი მოთხოვნები და ამ მოთხოვნების შესაბამისად ფორმირებული ინსტიტუციური მოწყობა წარმოადგენს (OECD, 2013). შესაბამისად, ეკონომიკის განვითარების გარემოსადმი მდგრადობა განვითარებადი ქვეყნებისთვის უფრო მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, ვინაიდან განვითარებად ქვეყნებში ამ მიმართულებით შესაბამისი ინსტიტუციური ბაზა სრულფასოვნად ჩამოყალიბებული არაა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი სირთულეები შეინიშნება საქართველოში, რაც გამოხატულია GGE და EP ინდექსების მიხედვით საქართველოს პოზიციაში მსოფლიოს ქვეყნებს შორის. ასევე OECD-ს მეთოდოლოგიის მიხედვით, საქართველოში რესურსებისა და გარემოს გამოყენებით ადგილი აქვს გაცილებით ნაკლები დოვლათის შექმნას ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში.
მწვანე ეკონომიკის ფორმირებით, საქართველოს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში შეუძლია მიიღოს მეტი ეკონომიკური სარგებელი ისტორიული ტენდენციების გაგრძელებით მიღებულ სარგებელთან შედარებით. მრავალ ქვეყანაში, სამთავრობო დონეზე ადგილი აქვს „მწვანე ეკონომიკის“ ფორმირების პროცესში მიღწეული პროგრესის შეფასებას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას (მაგალითად, როგორიცაა არსებული სიტუაციის ანალიზი OECD-ს მეთოდოლოგიით). საქართველოსთვის აღნიშნულ საკითხს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ ეტაპზე, მსგავსი ტიპის შეფასება სამთავრობო დონეზე არ ხორციელდება.

ლიტერატურა:


• Kakulia N. (2017). Analysis of the Reasons for the Institutional Backwardness of Georgia., 2nd Geneva International Conference on Advanced Research. Geneva, Switzerland, GICAR. https://genevacar.files.wordpress.com/2017/12/gicar_2017_conference-proceedings.pdf?fbclid=IwAR1LALu0QQjYvloF0MC53nwVi7sbmyNACrMkRUMWn5nCxof4au_-Dtmp9Qk
• GGGI - Green Growth Index 2020: Measuring performance in achieving SDG targets, December 2020
• https://gggi-simtool-demo.herokuapp.com/
• კაკულია ნ., არღუთაშვილი ვ., (2021). მდგრადი განვითარება, თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკურ-ეკოლოგიური გამოწვევები. თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. 3 ივლისი, თბილისი. ISBN 978-9941-491-53-5. http://conferenceconomics.tsu.ge/doc/2021%20konf.pdf?fbclid=IwAR0dW0ie9HSmjrpGAQ7n0a57jbhfCEtNqrwHJrTBcp_717FDS-dWhnAQcLM
• კაკულია ნ., ლაზარაშვილი თ. (2022). გარემოსადმი მდგრადობის ცალკეული საკითხები და სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანობა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენცია. 10 თებერვალი. ქუთაისი. https://atsu.edu.ge/images/pdf/krebulebi/konferenciiskrebuli3.pdf?fbclid=IwAR2eBjuqGsv2W-PsVulEf_J0CjPzsnjdWClvWjtpDDbhponkW1QoViAZjos
• Bedianashvili G. (2018). Systemic Basics Of Institutional Environment Of Competition. Conference Proceedings: Business Education In The 21 Century (Iscbe'18). South-East European University, Tetovo, Republic Of Macedonia, 39-43.
• Papava V. Tapladze T. (2019). О Барьере Ретроэкономики В Развитии «Зелёной экономики»”, http://pgie.tsu.ge/contentimage/konferenciebi/conf.kreb.2019.pdf
• Fedrigo-Fazio, P. Ten Brink (2012). Green Economy WHAT DO WE MEAN BY GREEN ECONOMY?”, D.. https://wedocs.unep.org/bitstream/handle/20.500.11822/8659/-%20Green%20economy_%20what%20do%20we%20mean%20by%20green%20economy_%20-2012Main%20briefing%202012--Final.pdf)
• Sulich A., (2018). Green Jobs, a New Measure of Public Management and Sustainable Development. https://www.researchgate.net/publication/325897369_Green_jobs_a_new_measure_of_public_management_and_sustainable_development
• UNEP, (2011). Towards a Green Economy: Pathways to Sustainable Development and Poverty Eradication. www.unep.org/greeneconom https://web.archive.org/web/20160505222844/http://www.iccwbo.org/products-and-services/trade-facilitation/green-economy-roadmap/
• How Do You Define the 'Green' Economy?“ MNN - Mother Nature Network. 2009.
• Millennium Ecosystem Assessment, 2005. http://www.maweb.org/en/index.aspx.
• The Economics of Climate Change: The Stern Review. STERN N. 2006. http://www.lse.ac.uk/GranthamInstitute/publication/the-economics-of-climate-change-the-stern-review/
• EUROPE 2020. A European Strategy for Smart, Sustainable and Inclusive Growth, Brussels, 3.3.2010. https://ec.europa.eu/eu2020/pdf/COMPLET%20EN%20BARROSO%20%20%20007%20-%20Europe%202020%20-%20EN%20version.pdf
• EaP GREEN (2016). Measuring The Green Transformation Of The Economy: Guide For EU Eastern Partnership Countries. Paris http://www.green-economieseap.org/resources/EaP%20GREEN_GGI%20Guide_clean_ENG_FINAL.pdf
• OECD Publication “Green Growth and Developing Countries A Summary for Policy Makers”, 2012.
• UNEP (2011). Towards a Green Economy: Pathways to Sustainable Development and Poverty Eradication, www.unep.org/greeneconomy;European Environment – State of the Environment and Outlook. EEA, Copenhagen, 2010;
• Dual Citizen. www.dualcitizeninc.com;
• Yale University. www.epi.envirocenter.yale.ed;
• Eurostat. www.ec.europa.eu;
• United Nations Sustainable Development Goals. www.sustainabledevelopment.un.org.

 

Keywords: Green economy, sustainable development, green economy measurement indices, economic development.
JEL Codes: Q01, O11, O12, O13